29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს მიზანს, მიაღწიოს NATO-ს სტანდარტებს და შეძლოს სრულფასოვანი წევრობა - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოსაზრებით, სპეკულაციურია იმაზე საუბარი, თითქოს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია ისე, რომ მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლი.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნორვეგიული ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა. ონლაინ სესიის მაყურებლებს NATO-ს გენერალური მდივნისთვის შეეძლოთ კითხვები დაესვათ ტვიტერისა და ფეისბუკის საშუალებით. მას საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა ნორვეგიაში მცხოვრებმა დავით ბაციაშვილმა დაუსვა.

"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და საქართველო NATO-სთვის ძალზედ ახლო პარტნიორია. ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, ვთანამშრობლობთ და ვეხმარებით თავდაცვის და დაზვერვის სფეროების რეფორმირებასა და მოდერნიზებაში, რათა ისინი NATO-ს სტანდარტებს შეესაბამებოდნენ და წევრობას კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. თუმცა ჩვენ არასდროს გვითქვამს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია გავითვალისწინოთ, რომ არსებობს რაღაც სრულფასოვან წევრობასა და სულ არაფერს შორის. მათ ჯერ არ მიუღიათ წევრობა, მაგრამ მივაღწიეთ მჭიდრო თანამშრომლობას. დღეს არის მეტი NATO საქართველოში, ვიდრე ოდესმე და საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს NATO-ს მუშაობაში.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველო გახდეს წევრი ისე, რომ მე-5 პუნქტი არ შეეხოს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, ტერიტორიებს, რომელთაც საქართველო ვერ აკონტროლებს, მიმაჩნია, რომ არასწორია სპეკულირება იმაზე, თუ რა მოდელი უნდა გამოვიყენოთ. არამედ, უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს მათ მიზანში, რომ მიაღწიონ NATO-ს სტანდარტებს და შეძლონ სრულფასოვანი წევრობა," - აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები