29 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ალექსეი ნავალნის ტესტში აღმოჩენილი "ნოვიჩოკი" და კიბერშეტევა ლუგარის ცენტრზე - მოსკოვი ცდილობს ისრები აშშ-ზე და საქართველოზე გადაიტანოს

რუსეთის ჰიბრიდული ომის ახალი ფაზა და მორიგი კიბერშეტევა საქართველოზე. მოსკოვი ცდილობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ბიოლოგიურ ტესტში ნივთიერება "ნოვიჩოკის" აღმოჩენის შემდეგ ისრები შეერთებული შტატების, საქართველოს და კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაზე გადაიტანოს.

კიბერშეტევა საქართველოზე მაშინ ხდება, როდესაც მთელი მსოფლიო ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისგან სასწრაფო განმარტებებს ითხოვს. ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

ქვეყანა საიდანაც 1 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების სისტემებში შეაღწიეს შს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში დასახელებული არ არის, თუმცა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ კიბერშეტევა სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა.

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა დროში დაემთხვა რუსი დეპუტატების განცხადებებს, რომელიც ამავე ლაბორატორიას და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის მათ ვერსიას ეხებოდა. მათი განცხადებით, რუსეთი არ არის დაკავებული "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ეს ფაქტი ქართველ მკვლევარებს უმყარებს აზრს, რომ ჯანდაცვის სისტემაში შეღწევის უკან სწორედ რუსეთი დგას.

დღის ამბები