29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ქართულ-ამერიკული ურთიერთოების დისკრედიტაცია რუსეთის მხრიდან - ირაკლი სესიაშვილი კიბერთავდასხმის რუსულ კვალზე

რომელი ქვეყნიდან განხორციელდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე თავდასხმა კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში არ აკონკრეტებენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიციაში ექსპერტების მსგავსად მიიჩნევენ, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას და ამით ისინი საქართველოსთან დაპირისპირებას ამძაფრებენ.

"ცხადია, რომ ეს რუსეთის მხრიდან კიბერშეტევაა, რომელიც მათი ფორმაა ქვეყნებთან დაპირისპირებისთვის.  ჩვენს სახელმწიფოს მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობა ჩუმად კი არ უნდა ჩურჩულებდეს ამ საკითხზე და კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ ღიად უნდა ისაუბროს, რომ რუსეთი კვლავ გააქტიურებულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია.

ხელისუფლების ოპონენტები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ამ ყველაფრისთვის დიპლომატიური თუ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. 

"კიბერ ომი, ჩვეულებრივ ომს უთანაბრდება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ძალისა და კომპეტენციის მქონე უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უნდა უმკლავდებოდეს ამ ტიპის საქმეებს. რუსეთის ფედერაციას, როგორც აგრესორ ქვეყანას, უნდა ჰქონდეს შესაბამისი დიპლომატიური თუ პოლიტიკური ფასი, რომელსაც ის გადაიხდის." - აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე. 

მმართველ გუნდშიც არ ეპარებათ ეჭვი, რომ კიბერთავდასხმა რუსეთმა განახორციელა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ეს რამდენიმე მიზეზით ახსნა.

"ნავიჩოკის" შემქმნელი და მწარმოებელი რუსეთია და ამ ნივთიერებებით რუსეთში ბევრი ადამიანია მკვდარი. პირველ რიგში, ამას ვუკავშირებ ლუგართან მიმართებაში ქართულ-ამერიკული ურთიერთოების დისკრედიტაციას რუსეთის მხრიდან. მეორე, ამ ყველაფერს ვუკავშირებ COVID-19-თან ბრძოლას, რადგან საქართველო ამ კუთხით გამოირჩევა, ეს კი რუსეთს არ აწყობდა. ამას კი ემატება წინასაარჩევნო პერიოდი, როგორც ჩანს, ჩვენს მტრებს არ სურთ ძლიერი საქართველო გამოჩნდეს," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა. 

კიბერთავდასხმის მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო. კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს.



 

დღის ამბები