ფოთის ნავსადგურში ოფიციალურ ღოინისძიებაზე მყოფ ერთ პირს COVID 19 დაუდგინდა.
ფოთის ნავსადგურში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოდან, თურქეთიდან და ამერიკიდან ნატოს ჯარების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თურქეთის ერთ-ერთ მოქალაქეს კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. შეხვედრას 13 პირი ესწრებოდა, მათ შორის იყო ფოთის ნავსადგურის 2 წარმომადგენელი. ინფიცირებული პირი ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.
"ფოთის საზღვაო ნავსადგურში შედგა შეხვედრა ნატოს ჯარების წარმომადგენლებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. მასში საქართველოს, ასევე თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. თურქეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა კორონა, მას ეს ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა და ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში წევს, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია.
შეხვედრას 13 კაცი ესწრებოდა, მათ შორის ორი ჩვენი საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენელი. ორივე იქნა გუშინ დატესტილი და პასუხს ველოდებით დღის ბოლოს. ორივე აყვანილია თვითიზოლაციაში, დღეისათვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.
ნავსადგურის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეხვედრა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა და ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.