29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - პრემიერი ინიციატივაზე "იმუშავე საქართველოდან"

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამამ "იმუშავე საქართველოდან" მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის, სხვადასხვა ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ადამიანი დაინტერესდა.

პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ტურიზმის სააგენტოს დაავალა, აღნიშნულ პროგრამაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს.

"იმუშავე საქართველოდან" ეს იყო ტურიზმის სააგენტოს ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს იმაში, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში საქართველოდან გაეგრძელებინათ შრომა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დაწყებული ამერიკით და დამთავრებული სინგაპურით.

ტურიზმის სააგენტოს ვავალებთ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები, რომელიც ქართულ ეკონომიკას და პირველ რიგში საქართველოს, როგორც ვირუსისგან სუფთა, მწვანე ქვეყანას მოუტანოს," - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები