29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
მესამე სექტორი ცესკოს მოუწოდებს, "პატრიოტთა ალიანსის" ანტითურქული რეკლამის გამო შესაბამის ზომებს მიმართოს

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პარტია "პატრიოტთა ალიანსის" Facebook-რეკლამა და საარჩევნო კლიპები მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას და, ასევე შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.

ორგანიზაცია ცესკოს მოუწოდებს, პარტიის მიმართ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და მსგავსი შინაარსის ვიდეოკლიპების გავრცელებისგან თავის შეკავება მოსთხოვოს. 

"9 რეკლამიდან 6 რეკლამა აშკარად შეიცავს ანტითურქულ მოწოდებებს, რომელიც, ჩვენი აზრით, მიმართულია ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებისკენ. შესაბამისად, ამ ვიდეორგოლების მიზანია, რომ თურქეთი წარმოაჩინონ როგორც მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რომლისგანაც მოდის რისკი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის. მივმართეთ ცესკოს, რომ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში, ეს იქნება 2000 ლარიანი ჯარიმა და მოწოდება, რომ ეს ვიდეორგოლები აიღოს თავისი ფეისბუქგვერდიდან,"- აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი​ს, ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით მომართვამდე ​დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა. მისივე თქმით, საკითხის შესწავლის მიზნით, 1-ელ და 2 სექტემბერს ცესკოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს. მისივე თქმით, განცხადების შეტანიდან, მაქსიმუმ, 10 დღის ვადაში მიიღებს შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას.

დღის ამბები