29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ რუსეთის ფედერაციას, თუმცა მათი მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა - ანგელა მერკელი

ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, სპეციალური პრესკონფერენცია გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამართა. მისი განცხადებით, გერმანია და საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები გმობენ პოლიტიკოსის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ფაქტს და რუსეთის ხელისუფლებისგან სასწრაფო ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

"ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტის დადასტურების შემდეგ, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ ჩვენს პარტნიორებს ასევე ჰააგის ბიუროს, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ინფორმაცია მივაწოდეთ რუსეთის ფედერაციას, თუმცა მათი მხრიდან ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა. ვიმედოვნებთ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად გაუმჯობესდება და ის თავის ოჯახს დაუბრუნდება,"- განაცხადა ანგელა მერკელმა. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი მის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება" "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტების ჯგუფიდან. ეს სწორედ იგივე ჯგუფია, რომლითაც ბრიტანეთში სკრიპალები მოწამლეს.

ის ახალი თაობის მომწამვლელი ნივთიერებაა და ათჯერ ძლიერია, ვიდრე სხვა ანალოგიური ნივთიერებები. ის პირველ რიგში, აზიანებს ტვინს და ნერვულ სისტემას.

რუსმა ოპოზიციონერმა გონება თვითმფრინავის ბორტზე 20 აგვისტოს დაკარგა. ავარიული დაშვების შემდეგ ის ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც მას 2 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. იმავე ომსკში, რუსი ექიმები აცხადებდნენ რომ ალექსეი ნავალნი მოწამლული არ იყო და მის კომატოზურ მდგომარეობას სისხლში შაქრის დაბალ დონეს და გადაღლილობას უკავშირებდნენ. პუტინის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი კომაში რჩება.

დღის ამბები