29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ანტისახელმწიფოებრივი საქმე რომ არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი იყოს, პირველ რიგში "ნაციონალები" მოიხსნებოდნენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "პატრიოტთა ალიანსს" ანტისახელმწიფოებრივი ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ პარტია რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

თუმცა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ვერ გახდება მათი არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი, რადგან ამას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. 

"არჩევნებიდან მოხსნა სხვა საკითხია - ამას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი. კონკრეტული სააგიტაციო მასალა ვერ გახდება არჩევნებიდან პოლიტიკური პარტიის მოხსნის საფუძველი. იმდენი ანტისახელმწიფოებრივი საქმე აქვს გაკეთებული "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს" და მათ სატელიტ პარტიებს, იმდენია დაგროვილი, ეს რომ იყოს არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი, პირველ რიგში, ისინი მოიხსნებოდნენ.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას - ის იყო მყისიერი და მყარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იყო სრულიად ანტისახელმწიფოებრივი აქტი, და ჩვენ შევაფასეთ ეს, როგორც რუსული დაკვეთა.

ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში, განაცხადა, რომ არ იცის, თუმცა, ამას აფასებს, როგორც მორიგ ანტისახელმწიფოებრივ აქტს. 

"მე არ ვიცი საიდან გადავიდა, სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა წესები არსებობს გამყოფ ხაზზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამიტომ, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. პოლიტიკურად ეს შემიძლია შევაფასო, როგორც კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი აქტი, ისევე, როგორც ძალიან ბევრი აქტი, რომელიც მათ განუხორციელებიათ სხვადასხვა დროს, თუნდაც მათი საპარლამენტო გამოსვლები. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს პირდაპირი კავშირი სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რუსულ მედიაში კრემლის მიერ საქართველოში "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესახებ სკანდალური სტატია გამოქვეყნდა.

ამის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 

პროკურატურამ კი საქმე შესწავლის თხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადასცა.

გარდა ამისა, პარტიის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტსა და წინასაარჩევნო აქტივობების შესახებ რუსული საინფორმაციო ცენტრი "დოსიე" ახალ მასალებს აქვეყნებს. 

დღის ამბები