29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
არჩევნების წინ გაახსენდა უმძიმესი დანაშაულები, ბოდიშის საპასუხოდ მიიღებს მკაცრ პასუხს ქართული საზოგადოებისგან - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოუწევს ყოფნა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.

"ეს არ არის მუქარა, ეს არის ფაქტი. მას ელოდება მართლმსაჯულება საქართველოში. მის წინააღმდეგ არის უკვე დასრულებული სისხლის სამართლებრივი საქმე. სასამართლომ მას შეუფარდა კონკრეტული სასჯელი. არამარტო ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს დადასტურებული გირგვლიანის ეპიზოდში სააკაშვილის დანაშაული. ის არის დამნაშავე, ის არის კრიმინალი და ფაქტია ის და არა მუქარა, თუ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის რა თქმა უნდა, შევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მართლმსაჯულება ბოლოს აუცილებლად იზეიმებს. იმ დანაშაულების გამო, რაც მან ჩაიდინა, ეს არის უმძიმესი დანაშაულები და ჩვენ მოვისმინეთ რამდნიმე დღის წინ მისი აღიარებითი ჩვენება. 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გაახსენდა მას მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, თქვა, რომ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები და ამისათვის მოიხადა ბოდიში. უმძიმესი დანაშაულებისთვის ბოდიშს კი არ იხდიან, აგებენ პასუხს და ზუსტად ეს მომენტი უნდა დადგეს.

დანაშაულები არის უმძიმესი, რაც მათ ჩაიდინეს - ახლა გვესაუბრებოდა ადეიშვილის მოადგილე მაღალ მატერიებზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, ასეთივე ღიმილის მომგვრელია მიხეილ სააკაშვილის ბოდიშიც წინასაარჩევნოდ. ბოდიშის საპასუხოდ ბუნებრივია ის მიიღებს ქართული საზოგადოებისგან კიდევ უფრო მკაცრ პასუხს იმ დანაშაულებზე, რომელიც მან ჩაიდინა და ეს პასუხი ძალიან ნათლად გამოჩნდება არჩევნებზე. თუ მას დღეს აქვს 12%-იანი მხარდაჭერა, დიდი შანსია, რომ ერთნიშნა შედეგით დაასრულოს "ნაცმოძრაობამ" ეს არჩევნები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები