ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით COVID-19-ზე კონტროლის დაწესების გარეშე შეზღუდვების მოხსნა კატასტროფის რეცეპტია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება.
ვირუსის გამო თითქმის 850 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ინდოეთშია. ბოლო 24 საათის მონაცემებით ინფიცირების იქ 70 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. სტატისტიკის მიხედვით მას ბრაზილია მოსდევს 50 ათასამდე ახალი შემთხვევით. ამერიკაში ახალი 40 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. კვლავ მზარდია სტატისტიკა ესპანეთსა და საფრანგეთში. ესპანეთში დღიურმა მაჩვენებელმა 2500-ს მიაღწია, საფრანგეთში კი 3000-ს გადასცდა.
უნგრეთი საზღვრებს ხსნის ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და პოლონეთთან. გასულ კვირას უნგრეთმა ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანასთან მიმოსვლა აკრძალა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გამონაკლისის სახით სამი მოსაზღვრე სახელმწიფოსთვის საზღვრებს გახსნის.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა კვლავ რუსეთში, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. 4993 ახალი შემთხვევიდან დაინფიცირებულთა ნაწილს კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდა.