29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა და "პატრიოტების" კურატორი რუსი გენერალი - რა ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა "დოსიემ"

როგორ და რა მეთოდებით ერევა კრემლი პოსტაბჭოთა ქვეყნების შიდა საქმეებში? ამჯერად მოსკოვისთვის აქტუალური საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია. მიხაილ ხადარკოვსკის არასამთავრობო ორგანიზაციამ "დოსიე" მორიგი დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც "პატრიოტთა ალიანსმა" უნდა იმოქმედოს. როგორც ცენტრი იუწყება, შიდა მოხმარების მასალებმა გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან გაჟონა.

გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ირმა ინაშვილის პარტია მოსკოვიდან იმ გზავნილების სიას იღებს, რომელიც წინასაარჩევნოდ საქართველოში უნდა გააჟღეროს.

რუსებთან ალიანსი დღეს კატეგორიულად უარყვეს "პატრიოტების" ლიდერებმა. დავით თარხან-მოურავი "დოსიეს" არასოლიდურ გამოცემად მიიჩნევს და ამბობს, რომ საიტი გარკვეული ქართველი პოლიტიკოსების დაკვეთებს ასრულებს.

"დოსიეს" დოკუმენტაციის ავთენტურობაში დარწმუნებულია ოპოზიციურ პარტიათა დიდი ნაწილი. პოლიტიკური ძალების უმრავლესობა ფაქტს ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საარჩევნო პროცესში უხეშ ჩარევად მიიჩნევს. გამოწვევა ეროვნული უსაფრთხოების კუთხით - ასეთია პოლიტიკოსების შეფასება. ისინი ხელისუფლებისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობს ხელისუფლება. მმართველი პარტიის წევრები ალიანსს რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ვიცე-სპიკერის პარტიის მსგავსად, ქვეყანაში სხვა მსხვილი ოპოზიციური ძალებიც ოკუპანტის სასარგებლოდ მოქმედებენ.

დღის ამბები