რატომ მივიდა პროკურორი შაბათს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული იმყოფება - მხარეები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.
ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ბრალდებულზე ზეწოლის მცდელობა იყო, თუმცა პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებულს სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
ამის გარდა, დღეს მცხეთაში ამავე მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართა.
პირველი მოწმე, რომელიც არსებითი განხილვის ფარგლებში გამოიკითხა არასრულწლოვანი ნ.ხ. იყო. პირი, რომელიც აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დაზარალებულია.
"კურიერის" ინფორმაციით, დღესვე უნდა დაკითხულიყო ტუსიაშვილი, მაგრამ მოწმის დაკითხვა გადაიდო. არსებითი განხილვის ფარგლებში, დაკითხვის მოლოდინში იყვნენ მცხეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებიც. დასაკითხ პირთა შორის იყო "ტოიოტა პრიუსის" მგზავრი, ირაკლი ახალაძეც. სასამართლო პროცესი, რომელიც ხუთი საათი გრძელდებოდა, საბოლოო ჯამში ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო.