ოჯახი, ადვოკატი, პროკურატურა, ექსპერტიზის ბიურო და "ჰუნდაის" წარმომადგენელები - დღეს ყველა ქვემო ქართლში, სამხარეო პოლიციაში იყო შეკრებილი.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 45-ე დღეს გამომძიებლებმა პროგრამისტის ავტომობილს ლუქი მოხსნეს. მანქანის ექსპერტიზა თითქმის 2 საათს მიმდინარეობდა და პირველადი დათვალიერების შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს კიდევ არაერთი დამატებითი კითხვა გაუჩნდა.
სად გაქრა თამარ ბაჩალიაშვილის მეხსიერების ბარათი? - გამომძიებლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც მოუწევთ. მამის ინფორმაციით, ფლეშკა თამარს მანქანის გასაღებზე ჰქონდა დამაგრებული, თუმცა ბაჩალიაშვილის მშობლებმა მეხსიერების ბარათი დღეს მანქანაში ვერ იპოვეს.