მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. უკვე დასრულდა არასრულწლოვან ნ. ხ.-ს გამოკითხვა, ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა და დაზიანებები მიიღო. სასამართლოს წინაშე კიდევ ერთი არასრულწლოვანი მოწმე ე. ხ. წარსდგა, ის ჯერ კიდევ პროცესზე იმყოფება.
არასრულწლოვანი გოგონა 18 ივნისის ღამეს მეგობართან ერთად აგარაკის ტერიტორიაზე დარჩა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ როგორც "მერსედესის", ასევე "ტოიოტა ქამრის" მგზავრები, აგარაკზე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდნენ და დაპირისპირებულ მხარეებს ეძებდნენ. ამასთან გოგონამ საეჭვოდ მიიჩნია ნიკა ჟვანიას ხელების დაბანა, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით, ე.ხ მედიასთან აღარ საუბრობს, დღეს ის მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბადრაგის სამსახურის მანდატურის დახმარებით შეიყვანეს და მედიას მისთვის კითხვის დასმის საშუალება არ ჰქონდა.
სასამართლოში უკვე გამოიკითხა არასრულწლოვანი ნ.ხ, რომელიც ე.წ. კიბის ინციდენტის მონაწილეა და დაზარალებულის სტატუსი აქვს და მისი ცემის გამო საბურთალოელები არიან დაკავებულები.
არასრულწლოვნების პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში უკვე სამი საათია მიმდინარეობს, "კურიერის" ინფორმაციით, დღეს პროცესზე 10 მოწმე გამოიკითხება. სასამართლოს პროტესტის ნიშნად არ ესწრება არასრულწლოვანი ზ.ხ.