29 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"ყურძნის ფასი უნდა იყოს 1.80 ლარი, დღეს კი მხოლოდ 80 თეთრი ღირს - "ევროპული საქართველოს" წევრები კახეთს ესტუმრნენ

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს ესტუმრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

დავით ბაქრაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში, ქართული სოფლები ვერ განვითარდნენ და ეს ყურძნის ფასის მაგალითზეც ჩანს. 

"2012 წელს, როდესაც სუბსიდირებით ყურძნის ფასი იყო 1 ლარი, მაშინდელი კურსით 1 ლარი იყო 60 თეთრი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2012 წლის დონეზეც რომ დარჩეს გლეხი დღევანდელი კურსით, ყურძნის ფასი უნდა იყოს 1.80 ლარი. და რა ღირს ყურძენი?! - სუბსიდიასთან ერთად მხოლოდ 80 თეთრი. ეს არის კონკრეტული მაგალითი იმ სიღარიბის, რომელიც მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" სოფელში, კახელი გლეხისთვის და სწორედ ეს არის შესაცვლელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დღეს კახელი გლეხი სრულიად მიტოვებულია და ხელისუფლება მას არ აქცევს ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ საჭიროა ცვლილებები, რომელსაც ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად მოიტანს.

"სოფლებში: სამთაწყაროში, ფიროსმანში, საბათლოში ყველაზე ადრე იწყება კახეთში რთველი, მაგრამ დღეს როგორც ვხედავთ, არცერთ გლეხს ინფორმაცია არ აქვს რომელ ქარხანაში უნდა წაიღოს ყურძენი და რა ფასი ექნება. დღეს კახელი მევენახე არის მიტოვებული. ამიტომ, ჩვენ ამ არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, რომ ყველა გლეხის და მევენახის შრომა იყოს დაფასებული,"-განაცხადა მან.

დღის ამბები