29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"მისი ბოდიში შეცდომების აღიარება და წინასაარჩევნო გათვლაა" - ოპოზიციის ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე მიუღებელია

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მორიგი დაპირების პარალელურად, კვლავ აქტუალურია კითხვა, შესაძლოა თუ არა, უკრაინის მოქალაქედ ქცეული მესამე პრეზიდენტი მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ.

მოვლენების ასეთ განვითარებას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა", პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას პროგნოზირებს. თუმცა, მომავალი მთავრობის მეთაურის სავარძელში მიხეილ სააკაშვილის ხილვა არ სურთ მის ყოფილ თანაგუნდელებს.

"ევროპული საქართველო" ამ პოსტზე წარსადგენად საკუთარ კანდიდატს ამზადებს. ამ დროისთვის, სააკაშვილის გაპრემიერების იდეას მოწინააღმდეგეები უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მომხრეები.

რატომ არის მიუღებელი პოლიტიკური სპექტრის უმეტესობისთვის ასეთი სცენარი ამაზე პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მან უკვე წარადგინა პრემიერობისთვის გიორგი ვასაძე და ეს სწორედ ის კანდიდატია, ვისზეც თავად მიხეილ სააკაშვილი 2018 წელს ამბობდა, რომ კარგი პრემიერი იქნებოდაო. 

"მე ამ პოლიტიკურ დროში, კრიზისიდან გამოსვლის საპრემიერო კანდიდატად საზოგადოებას შევთავაზე გიორგი ვაშაძე. რაც შეეხება სააკაშვილს, ძალიან კარგია თუ მან კანდიდატად თავი დაასახელა. საინტერესოა რა პოლიტიკურ დროს იგრძნობს ხალხი. ვთვლი, რომ "სტრატეგია აღმაშენებელს" თავისი ამომრჩეველი ჰყავს. მახსოვს, სააკაშვილმა 2018 წელს ორჯერ თქვა ვაშაძე კარგი პრემიერ-მინისტრი იქნებოდაო,"- აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

რაც შეეხება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეო-მიმართვაში გაცხადებულ ბოდიშს, ოპოზიციაში თვლიან, რომ მისი ეს ჟესტი გაუგებარი იყო. ალეკო ელისაშვილისთვის გაურკვევლია რა უნდა სააკაშვილს. 

"ჩემთვის სააკაშვილის ბოდიში აბსოლუტურად გაუგებარი იყო. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის. საერთოდაც, ვერ გავიგე ის კაცი უკრაინაშია რაღაცის ხელმძღვანელი თუ აქ უნდა რაღაც. თვითონ ჩამოყალიბდეს და მერე გაგვაგებინოს ჩვენც რა უნდა," - აღნიშნავს პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია კი, აბსოლუტურად გამორიცხავს სააკაშვილის პერსონასთან დაკავშირებულ რაიმე სახის კონსესუსს და აცხადებს, რომ მისი ბოდიში ან წინასაარჩევნო გათვლა იყო, ან იმის აღიარება, რაც მან წარსულში ჩაიდინა. 

"გამორიცხულია რაიმე კონსესუსი მოხდეს სააკაშვილის პერსონასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის ბოდიშს ამდენი წლის შემდეგ, მან დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა, ამის შემდეგ კი მისი ბოდიში იმის აღიარება, რაც ხდებოდა, თუ ეს არის არჩევნებამდე ერთგვარი პოზა, ნებისმიერ შემთხვევაში იმ ამომრჩეველზე, რომელიც მას არ ირჩევს, ვერანაირად ვერ იმოქმედებს," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის შესაძლო კანდიდატურაზე, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მათი პარტია მხარს თავიანთ დასახელებულ კანდიდატს დაუჭერს და არა მიხეილ სააკაშვილს.

"უკვე ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენ, ჩვენი პრემიერობის კანდიდატს დავუჭერთ მხარს, სააკაშვილის კანდიდატურას კი არ დავუჭერთ მხარს. თუ მოიპოვებენ 50%-ზე მეტს კი ბატონო, ოღონდ ეს აბსოლუტურად არარეალურია. ყველა პოლიტიკურ ძალას გონივრულ კომპრომისზე წასვლა მოუწევს,"- აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

ხატია დეკანოიძემ ასევე "დღის კურიერის" ეთერში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი მმართველია ქვეყნისთვის.

ხატია დეკანოიძემ ასევე დაადასტურა, რომ "ენმ" მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად განიხილავს პრემიერობის კანდიდატად.

დღის ამბები