29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "კურიერთან" ადასტურებს, რომ კენჭს ბათუმის ოლქში იყრის

ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონებში გამარჯვებისთვის ინდივიდუალურად იბრძოლებენ. 

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "კურიერთან" საუბარში დაადასტურა, რომ ის კენჭისყრას ბათუმში აპირებს. მისივე თქმით, 22 მაჟორიტარული ოლქიდან "გირჩი", სავარაუდოდ, 8-10 ოლქში დააყენებს საკუთარ კანდიდატს. 

"ვფიქრობთ, 8-10 ოლქში წარვადგინოთ მაჟორიტარი კანდიდატები. პირველად ვამბობ თქვენთან, საჯარო სივრცეში, რომ მე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ვიყრი კენჭს. ვხედავ ბათუმში ყველაზე მეტ რესურსს, სადაც ყველაზე მეტად შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგების გარდა. გარდა ამისა, ბათუმი არის ჩემთვის ყველაზე სპეციფიკური ადგილი, ბევრი რამე მაკავშირებს ბათუმთან,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

​"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიამ გადაჭრით განაცხადა, რომ მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს. მისი თქმით, საარჩევნო ბლოკი "ზალა ერთობაშია" მალე შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატებთან დაკავშირებით. 

"უახლოეს დღეებში შეიკრიბება საარჩევნო ბლოკი "ძალა ერთობაშია", სადაც ყველა კანდიდატი იქნება შეჯერებული და შემდგომ "ძალა ერთობაშიას" სახელით რეგიონების ყველა მაჟორიტარულ ოლქში იქნება წარდგენილი კანდიდატები. ყველაფერი გამოჩნდება საარჩევნო ბლოკის შეკრების შემდგომ, როცა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ამის შემდეგ გახდება საჯარო. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ პაატა დავითაია მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება,"-განაცხადა მან.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებულია კახეთის, შიდა ქართლის და აჭარის ოლქებში კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით. 

"საქართველოში არ არსებობს ისეთი რაიონი, სადაც ნაკლებად ვაპირებთ აქტიურობას, სადაც არ გვექნება საარჩევნო შტაბი და კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გუნდი. რაც შეეხება მაჟორიტარულ კანდიდატებს, პირველი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნებიან ჩვენი კანდიდატები ცალკეულ ოლქებში. დანამდვილებით გეტყვით, რომ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები წარსდგებიან კახეთის, შიდა ქართლის და აჭარის ოლქებში. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ოლქებში კონკურენტუნარიანი კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით,"-განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

დღის ამბები