29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
იქნება თუ არა მომავალი მთავრობა კოალიციური - როგორ ხვდებიან მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერების ინიციატივას ოპოზიციურ სპექტრში

"ნაციონალური მოძრაობა", რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას პროგნოზირებს, განიხილავს წინადადებას, რომ მომავალი მთავრობის ხელმძღვანელად ყოფილი პრეზიდენტი იქცეს.

ეს იმ ფონზე, როცა კიევიდან მორიგი ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელშიც სააკაშვილი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ ის სამშობლოში ბრუნდება. თუმცა, როგორც ირკვევა მას ხელგაშლილი ყოფილი თანაგუნდელებიც კი არ ხვდებიან.

უკრაინის მოქალაქის საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებას მხარს არ უჭერს "ევროპულ საქართველო". პარტიაში ამბობენ, რომ ამ პოსტზე კანდიდატს, თავად წარადგენენ:

"ჩვენთვის სხვა პარტიის კანდიდატი არის მიუღებელი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც, იმიტომ, რომ გვინდა, ჩვენი პარტიის კანდიდატი იყო წარმოდგენილი.

მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია, ეს საუბრები უნდა შედგეს შემდგომში.

ახლა მნიშვნელოვანი, ჩემთვის, "ევროპული საქართველოსთვის" და ქვეყნისთვის, არის ის, რომ  დღეს არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი.

მომავალი მთავრობის კოალიციურობაზე აკეთებს აქცენტს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა:

"მისი ეს პოლიტიკური განაცხადი დაბრუნების შესახებ, კანდიდატურის წარმოდგენის შესახებ ემსახურება ერთადერთ მიზანს - ეს არის მისი მხარდამჭერების კონცენტრაცია, ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა, მათი გათვლები ამაზე ემყარება და ბუნებრივია, მათ შეუძლიათ გარკვეული როლი ითამაშონ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაში.

რაც შეეხება მომავალ მთავრობას, ის იქნება კოალიციური. რა კონფიგურაციით იქნება, ამას გადაწყვეტს არა ვინმეს პირადი განაცხადი, არამედ ქართველი ხალხი," - განაცხადა გიორგი გუგავამ.

არსებული ხელისუფლების შეცვლის პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობას  მნიშვნელობას უსვამს ხაზს "რესპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე.

"რაც შეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი გზავნილი,  მისი ტონი ამომრჩეველთან შეცვლილია.

ჩემი აზრით, მან გადახედა საკუთარ წარსულს, დაინახა შეცდომები და ვითარება, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს და მიმართა საკუთარ ამომრჩეველს.

ბევრჯერ მითქვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლების ცვლილება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,  ამ პროცესში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ არ იქნება ჩართული "ნაციონალური მოძრაობა",- აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები