29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონს სტუმრობდა. სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში, თელავში შეხვედრა გამართა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და მუნიციპალიტეტების მერებთან.

სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობაში გაემგზავრა და სოფელ დუისის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ შორის უხუცესებს, ქალთა საბჭოს წევრებს, პედაგოგებს, ახალგაზრდებს და სამოქალაქო აქტივისტებს.

"ვიმსჯელეთ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პროცესზე, განვიხილეთ ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და საჭიროებები. სწორედ ამ მიზნით, ასევე ვეწვიე პანკისის ხეობას, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის უხუცესებთან, ქალთა საბჭოს წევრებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზრთა ურთიერთგაცვლა, განსაკუთრებით ახალი სტრატეგიის შემუშავების პირველ, მიმდინარე ეტაპზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამგვარ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორც კახეთის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვა შესაბამის რეგიონებში"-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი უხუცესთა საბჭოს წევრებთან ერთად პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია.

დღის ამბები