29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
იღებს თუ არა პარტია საარჩევნოდ რუსულ ფულს - აუდიტის სამსახური "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების მონიტორინგს იწყებს 

აუდიტის სამსახური "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების მონიტორინგს იწყებს, მალე გახდება ცნობილი იღებს, თუ არა ღიად პრორუსული პარტია საარჩევნოდ რუსულ ფულს. ასევე უცნობი რჩება, როგორ მოხვდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოკუპირებულ აფხაზეთში და რა იყო ირმა ინაშვილსა და გია ლომიას დე ფაქტო ვოიაჟის რეალური მიზეზი. სრულიად ოპოზიცია მათ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს და ცესკოს მოუწოდებს "პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებზე არ დაუშვას. "პატრიოტები" და მათი საჩუქარი მიუღებელი აღმოჩნდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

ნაკლებად რადიკალურია საპარლამენტო უმრავლესობა. "ქართული ოცნება" არჩევნებიდან "პატრიოტთა ალიანსის" მოხსნას ჯერ არ ითხოვს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად არსებობს და მათ პასუხები უნდა გაეცეს.

"პატრიოტთა ალიანსს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით რეგისტრაცია ჯერ-ჯერობით არ გაუვლია, საქართველოს კანონმდებლობით პარტიებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ირმა ინაშვილი და მისი გუნდი თანხებს რუსეთიდან იღებს, შესაძლოა პარტიას არჩევნებზე პრობლემები შეექმნას. იქამდე უნდა დადგინდეს ისიც რა გზით მოხვდა 2 დეპუტატი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაშინ როცა ენგურის ხიდიც კი ჩაკეტილია.

დღის ამბები