29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
მნიშვნელოვანია გვქონდეს პასუხი, რამდენად იყო ინფორმირებული სოციალური სამსახური, პოლიცია და სკოლა - საიას ანალიტიკოსი 11 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი და საპარლამენტო მდივანი ნიკა სიმონიშვილი თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვის მიერ თვითმკვლელობის საკითხს "დღის კურიერში" სტუმრობისას გამოეხმაურა.

როგორც სიმონიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, ზოგადად სისტემა გამართული იყოს და სინქრონულად მუშაობდეს. კონკრეტულ საკითხზე საუბრისას კი, სიმონიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, პასუხები გაეცეს შემდეგ შეკითხვებს - არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე იყო თუ არა ინფორმირებული სოციალური სამსახური, პოლიცია და სკოლა, ასევე, ხომ არ ჰქონდა ადგილი რომელიმე აღნიშნული რგოლის უმოქმედობას ადგილი. 

"სისტემა რომ იყოს გამართული, სისტემის თითოეული რგოლი უნდა მუშაობდეს გამართულად და სწორად. თუ დავიწყებთ ჩვენ სოციალური სამსახურით, გავაგრძელებთ პოლიციით, თუნდაც განათლების სისტემით და აქ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას იმაზე რომელიმემ ამ რგოლიდან - სოციალურმა სამსახურმა იცოდა თუ არა თერჯოლაში მომხდარ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ფაქტების შესახებ. ან სკოლაში თუ იცოდნენ ამ ფაქტების შესახებ, ან პოლიციას თუ ჰქონდა რაიმე ინფორმაცია და რაიმე რეაგირება მოახდინა თუ არა. უნდა გვქონდეს კითხვაზე პასუხი - რომელიმე რგოლი ამოვარდა თუ არა ამ ჯაჭვიდან და ხომ არ იყო, რომ რომელიმე რგოლმა სწორად ვერ იმოქმედა ამ შემთხვევაში.

სწორედ იმ საკითხს ვუბრუნდებით, შეტყობინება საერთოდ იყო თუ არა და ორგანოებამდე იყო თუ არა ინფორმაცია მისული. ამიტომ ეს არის სისტემური, კომპლექსური საკითხი და ამ გადმოსახედით უნდა შევხედოთ ამ საკითხებს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა

დღის ამბები