29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ვაშინგტონი ალექსეი ნავალნის მოწამვლის თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს

ვაშინგტონი ალექსეი ნავალნის მოწამვლის თაობაზე გერმანელი ექიმების წინასწარი დასკვნით შეშფოთებას გამოთქვამს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თუ რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ცნობები ზუსტი აღმოჩნდება, ისინი მხარს დაუჭერს ევროკავშირის მოწოდებას ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარების შესახებ.

მაიკ პომპეოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.

ექიმების ცნობით, რუსი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავით მგზავრობისას გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა ომსკში განახორციელა. ის მოწამვლის ნიშნებით ჯერ ომსკის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ოჯახის წევრები თავიდანვე ეჭვობენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს. მოგვიანებით, ბერლინის კლინიკის ექიმებმა განაცხადეს, რომ კლინიკურად დასტურდება, ნავალნის სხეულში მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის შესახებ.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის  ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს. 

დღის ამბები