29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"სააკაშვილსა და ბოკერიასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს" - იგორ კურაპტევმა "კურიერთან" ირმა ინაშვილის ბრალდებებზე ისაუბრა

ვინ აფინანასებს "პატრიოტთა ალიანსს", დღის მთავარი პოლიტიკური შეკითხვაა. ინფორმაციას, რომ პარტიას კრემლი აფინანსებს, ირმა ინაშვილი უარყოფს.

ინაშვილის თქმით, იგორ კურაპტევი, რომელმაც სააგენტო "დოსიეს" სკანდალური სტატია სოციალურ ქსელში გაავრცელა, ქართულ ოპოზიციასთან თანამშრომლობს.

"კურიერმა" ამერიკული ორგანიზაცია "თავისუფალი რუსეთის ფონდის" სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი იგორ კუროპტევი ჩაწერა.

იგორ კუროპტევი ირმა ინაშვილის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს მიხეილ სააკაშვილთან და გიგა ბოკერიასთან. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ბოკერიასთან და გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუ ჩაწერა და ფოტოს, რომელსაც ირმა ინაშვილის მხარდამჭერები ავრცელებენ, საოკუპაციო ხაზთან, ატოცშია გადაღებული.

"დოსიე" არის მიხაილ ხოდორკოვსკის რესურსი, პირის, რომელიც პუტინის გადაწყვეტილებით სასჯელს ციხეში იხდიდა. ამჟამად, იმყოფება დასავლეთში და აგრძელებს ანტიპუტინურ საქმიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ხოდორკოვსკის სამოქალაქო ორგანიზაცია "ღია რუსეთთან". ხოდორკოვსკისთან არ ვმუშაობ, მე ჩემს ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ, ფონდს, რომელსაც "თავისუფალი რუსეთი" ჰქვია, უფრო სწორად, მას სამხრეთ კავკასიაში წარმოვადგენ.

ყველა მასალა, რომელიც იქ იტვირთება, იქნება გაზიარებული ჩემს ბლოგებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში, ისევე, როგორც გუშინდელი მასალა.

რაც შეეხება სააკაშვილისა და ბოკერიას კავშირებს, მე ამ ბატონებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ფოტოები, რომელსაც ინაშვილის მხარდამჭერები ავრცელებენ, მაგალითად - გრიგოლ ვაშაძესთან და გიგა ბოკერიასთან, არის გადაღებული ერთი, ან ორი წლის წინ - მაშინ, როდესაც მათთან ინტერვიუ ჩავწერე. ვაშაძესთან ფოტო საოკუპაციო ხაზთან ატოცში გადავიღე. თუ ინაშვილს ჰგონია, რომ საოკუპაციო ხაზთან სურათის გადაღება ცუდია, ეს, კიდევ ერთხელ, მასთან დაკავშირებულ ფაქტებზე მეტყველებს.

მესმის "პატრიოტთა ალიანსის" და მათი ბრალდებების სტილის. ისინი "დოსიეზე" ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ამ რესურსის მიერ გავრცელებულ მასალებს უკვე იცნობენ ევროპელი და ქართველი ჩინოვნიკებიც. ყველა ხვდება, რომ ეს სიმართლეა. ჩვენ ან ხოდორკოვსკის "დოსიეს" ვუჯერებთ, ან ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსს," - განაცხადა იგორ კუროპტევმა "კურიერთან" საუბრისას.

ცნობისთვის, რუსული საგამოძიებო სტატიაში წერია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე, კრემლმა თავისი რჩეულები - "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი დაასახელა. "დოსიეს" ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ "პატრიოტთა ალიანსის" პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს.

რუსული მედია წერს, რომ კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა, რათა ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია, სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, პრორუსული ძალების დასახმარებლად.

ინფორმაციის გამოძიების მოთხოვნით დღეს "ევროპულმა საქართველომ" გენერალურ პროკურატურას მიმართა.

დღის ამბები