29 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
"საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის პრიორიტეტი" - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს მოთხოვნით - "საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის პრიორიტეტი". ისინი მთავრობას და ტურიზმის სფეროს მოუწოდებენ, საგზაო უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად გააკონტროლონ. 

"დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, იყო თუ არა დამატებითი სკამები ჩადგმული, თუმცა ის ვიცით, რომ ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებას 19 ადამიანის გადაყვანა არ შეუძლია. ტრანსპორტის გადატვირთულობა,  საგზაო შემთხვევების პროვოცირების ერთ-ერთი მიზეზია,"- აცხადებს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა აცხადებს, რომ ავტომობილში 20 ადამიანი არცერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო.

"20 ადამიანი არცერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო, მაქსიმუმი რაოდენობა იყო 15. გადატვირთული, რომ იყო სატრანსპორტო საშუალება და ტექდათვალიერებაც რომ არ ჰქონდა გავლილი, ეს ფაქტია. ტურიზმის სფეროში უსაფრთხოების ზომებზე მოთხოვნები უნდა არსებობდეს,"- აღნიშნავს ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი, გაეროს ექსპერტი გელა კვაშილავა.

არასამთავრობოების ნაწილი კი ამბობს, რომ თუკი ამ ადგილზე დამცავი ბარიერები იქნებოდა ან სპეციალური ნიშნულები, შესაძლოა ეს კონკრეტული შემთხვევა აღარ მომხდარიყო. 

მომხდარზე გამოძიება კვლავ გრძელდება. გამოძიების კითხვებს კომპანია Traveler-ის თანამშრომლების ნაწილმა უკვე უპასუხა. ნაწილს კი გამოკითხვაზე მცხეთისა და დუშეთის პოლიციაში სავარაუდოდ ისევ დაიბარებენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები