29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ძიძა, რომელსაც 2 წლის ბავშვზე ძალადობას ედავებიან სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ძიძა, რომელსაც 2 წლის ბავშვზე ძალადობას ედავებიან პატიმრობაში დარჩა.მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას პროკურატურა ითხოვდა. მიზეზად მოსალოდნელი საფრთხეები და დანაშაულის განმეორების რისკი დასახელდა. ბრალდებული 22 აგვისტოს დააკავეს. ის ერთ-ერთ ოჯახში კიდევ 2 ძიძასთან ერთად რამდენიმე მცირეწლოვანს უვლიდა.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ თუკი მართლაც ხედავდნენ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ბავშვზე ძალადობას, რატომ არ განაცხადეს ამის შესახებ თავის დროზე. 

"თუ ბრალდების მხრიდან სისტემატიურ სადისტურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, რატომ არ განაცხადეს ამის შესახებ თავის დროზე მათ, ვინც ამას უყურებდა, ან რატომ არ გამოიძახეს შემთხვევის დროს პატრული,"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი. 

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ, ყველაზე მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა. გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის შეფარდების სამივე საფუძველი არსებობდა, კერძოდ ის, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ბრალდებული განაგრძობდა დანაშაულის ჩადენას, ხელს შეუშლიდა მტკიცებულებების შეგროვებას და ასევე არსებობდა მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე. ამ საფუძვლების გამო, მასზე მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიება იყო გამოყენებული ბრალდებულის მიმართ,"- ​აღნიშნავს პროკურორი. 

სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ადვოკატი 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს. თავად დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სამართალდამცველებმა ლ.ლ. 2020 წლის 22 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები