29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
მიკროავტობუსს, რომელიც შატილის გზიდან გადავარდა ​ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ ჰქონდა

რა ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა მიკროავტობუსს, რომელიც შატილის გზიდან გადავარდა - "კურიერმა" გაარკვია, რომ ტურისტული კომპანიის მფლობელობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ ჰქონდა.

ინფორმაცია იძებნება ინტერნეტსივრცეში არსებულ ბაზაშიც, რომელიც ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია. სავარაუდოდ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომლითაც პოლიცია კომპანია treveler.ge-ს ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან ინტერესდება.

"გიდების ასოციაციაში" აცხადებენ, რომ treveler.ge-სთან არ თანამშრომლობდნენ და დაღუპული გიდი მათი ასოციაციის წევრი არ იყო. 

"ასოციაციას არ აკავშირებს რაიმე სახის თანამშრომლობა ამ კომპანიასთან, არც წარსულში, არც ახლა. აქედან გამომდინარე, რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას კომპანიასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ.

რაც შეეხება ჩვენს გიდებს, ისინი არიან ფრილანსერები, შესაბამისად, შეიძლება რომელიმე მათგანს გარკვეული თანამშრომლობა ჰქონოდა ოდესმე ამ კომპანიასთან, თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენს მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს.

რაც შეეხება გიდს, ის ჩვენი ასოციაციის წევრი არ არის, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰქონდა გარკვეული ნაცნობობა ჩვენი ასოციაციის წევრებთან.

რა თქმა უნდა, უმჯობესია, მსგავსი ტურები გაიწეროს თუნდაც 2 დღეზე, იყოს დასვენების შესაძლებლობა როგორც ტურისტებისთვის, ასევე მძღოლებისა და გიდებისთვის. კიდევ ერთი მომენტი, რაც აუცილებლად გასათვალიწინებელია, რასაც ჩვენც ვითვალისწინებთ და რეკომენდაციას გავცემთ სხვებისთვისაც, ეს არის გამოცდილება,"-განაცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

დღის ამბები