29 წლის ლასო აბუთიძე საკუთარ სახლთან გაგუდული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში აბუთიძეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში გაქირავებული კოტეჯის ბინადრებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს. ადგილობრივების მტკიცებით, კოტეჯის მაცხოვრებელ გოგონებს, მეზობელ სახლში მომუშავე ახალგაზრდები პრობლემებს უქმნიდნენ. სავარაუდოდ ახალგაზრდა მამაკაცი, სწორედ მათთან საქმის გასარკვევად მივიდა.
რა გახდა 29 წლის მამაკაცის სასტიკი მკვლელობის მიზეზი დაზუსტებით არც გარდაცვლილის ნათესავებმა იციან. ადგილობრივების თქმით, მოკლული საკუთარი ბიზნესით იყო დაკავებული და წარსულში კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტი დღეს შსს-მ უკვე გახსნილად გამოაცხადა. ცხელ კვალზე ორი 19 წლის მამაკაცია დაკავებული, ორივე აღიარებს დანაშაულს. საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.