29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობის საკითხი საფრთხის წინაშეა -

"ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დამკვირვებლების შეუფერხებლად ჩამოსვლასა და ადგილზე მათ სრულფასოვან მუშაობას არჩევნების დროს. როგორც "ლელოში" აღნიშნავენ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობის საკითხი საფრთხის წინაშეა. 

"იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩატარდეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საერთაშორისო ჩართულობას სადამკვირვებლო მისიების აუცილებელი მონაწილეობის სახით, რასაც შესაძლოა გარკვეული საფრთხე დაემუქროს კოვიდ ინფექციით გამოწვეული შეფერხებებისა და პრობლემების გამო. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს და მასში სადამკვირვებლო მისიებმა აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა.

"სასწრაფოდ შესამუშავებელია სპეციალური მექანიზმი, რითიც ხელს შეუწყობთ საერთაშორისო მისიებს ადგილზე მუშაობაში და რაც შეიძლება სწრაფად ველზე გასვლაში და მათ წარმომადგენლების დროულად ჩამოყვანაში. ეს საკითხი არის ზეპარტიული და ცდება ყველა ვიწრო პარტიულ ჩარჩოს. აქედან გამომდინარე ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საერთაშორისო მისიები დროულად ჩამოვიდნენ საქართველოში და სრულფასოვნად იმუშაონ ველზე," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თამაზ დათუნაშვილი

 

დღის ამბები