29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით თვენახევრის ჩვილს COVID-19 დაუდასტურდა

ცნობილი ხდება, რომ ინფიცირებულია თვენახევრის ჩვილი, ინფორმაცია "კურიერმა" მოიპოვა. კორონავირუსი მის მშობლებსაც დაუდასტურდათ. სამივე პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ბავშვის მამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსია. მასთან კომუნიკაციაში მყოფ თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ - ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ სამივე პაციენტის, თვენახევრის ჩვილის და მისი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"კურიერმა" გაარკვია, რომ თვენახევრის ჩვილი თავდაპირველად ცხელების სინდრომით ციციშვილის სახელობის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას PCR ტესტი ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ამის შემდგომ კი უკვე ჩვილი თბილისის ბავშვთა ინფექციის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეპიდკვლევისას კი ტესტირება ჩვილის კონტაქტებსაც ჩაუტარდათ და ორივე მშობლის შემთხვევაში დადასტურდა, რომ  კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.

ახალგაზრდა მამაკაცი, ბავშვის მამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსია. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის მიღების შემდგომ PCR ტესტირება უკვე მამაკაცის დეპარტამენტის თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ და არც ერთის შემთხვევაში COVID-19 არ დაუდასტურდა.

"მის შვილს, რომელიც არის 1 თვის და 15 დღის, მას როდესაც დაუდასტურდა, როდესაც იგი იქნა შეყვანილი კლინიკაში 38 ტემპერატურა ჰქონდა ბავშვს, სასუნთქი გზების ინფექცია პირველი ანალიზებით დადგინდა, პარალელურად აღებულ იქნა კორონავირუსზე სინჯი და ბავშვს, როდესაც დაუდასტურდა, შემდგომ პირველ რიგში რა თქმა უნდა მშობელი მოჰყვა და რა თქმა უნდა ჩვენს თანამშრომელ მამას გაუკეთდა სინჯი კორონავირუსზე და 2 დღის წინ მასაც კოვიდდადებითი ამოუვიდა," - აცხადებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროში იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ინფიცირებულთან იშვიათი კონტაქტი ჰქონდათ, მათ შემთხვევაში გაიცა რეკომენდაცია რომ თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

"საერთო სტატისტიკიდან გამომდინარე შეიძლება ამ ასაკის ბავშვებში არ არის გავრცელებული კოვიდინფექცია, მაგრამ დადასტურებული იყო PCR ტესტის შესაბამისად და კლინიკაში შემოყვანის დროს უკვე ცხელება არ აღენიშნებოდა. არანაირი გამოხატული ჩივილი არ იყო, უბრალოდ იყო ნაწლავური ინფექციის ნიშნები. პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური," - აცხადებს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი მამუკა მაჭავარიანი.

დღის ამბები