29 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ექსპერტიზის შუალედური დასკვნის ორიგინალი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა - ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის 5-გვერდიან დასკვნაში, რომლის დედანიც "კურიერმა" მოიპოვა, ორი მთავარი კითხვის პასუხია -  დადგინდა იმ ნივთიერებათა ჩამონათვალი, რომლის კვალსაც სპეციალისტებმა ახალგაზრდა გოგოს გვამიდან აღებულ ნიმუშებზე მიაგნეს. სხეულში აღმოჩენილი 4 პრეპარატიდან განსაკუთრებულ აქცენტს გამოძიება მხოლოდ ერთზე აკეთებს.

პრეპარატი, რომლის დასახელებისგან "კურიერი" თავს შეგნებულად იკავებს, აღმოჩენილია თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში. საუბარია მედიკამენტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია გარდაცვლილმა გუგლის საძიებო სისტემიდან მიიღო.

გამოძიებისთვის საკვანძო პრეპარატს, ძირითადად, წნევისთვის გამოიყენებენ. "კურიერმა" გადაამოწმა და გაარკვია, რომ პრეპარატი ქვეყნის მასშტაბით იყიდება სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში. ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია.

კიდევ ერთი კითხვა, რომლითაც მიმართეს ექსპერტიზას უკავშირდებოდა, ალკოჰოლის,ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული, მომწამლავი, ან სხვა ნივთიერებების კვალს - ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. ეს კი ეჭვქვეშ აყენებს ვერსიას, რომ ბაჩალიაშვილი მოწამლეს.

გამოძიების ყველა შუალედურ ანგარიშზე დაზარალებულის პოზიცია უცვლელია. ექსპერტიზის დასკვნაზეც გარდაცვლილის მშობლებს საკუთარი ვერსია აქვთ.ფიქრობენ, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები, შესაძლოა, ახალგაზრდამ მიიღო რაიმე ტკივილის გასაყუჩებლად.

დღის ამბები