პუტინის ერთერთი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კვლავ კომაშია. ის ინტოქსიკაციის ნიშნებით ომსკის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ნავალნის დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია. დღეს ომსკში მოსკოვიდან ექიმებს ელოდებიან, რომლებიც ნავალნის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმს ჩაატარებენ.
ნავალნის თანამოაზრეები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს. ცოლმა და მკურნალმა ექიმმა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს, თუმცა, მედიკოსები აცხადებენ, რომ ნავალნის ამ მდგომარეობაში ტრანსპორტირება შეუძლებელია. მის გადასაყვანად თვითმფრინავი გერმანიიდან ომსკში უკვე ჩაფრინდა მაგრამ, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა მისი გადაყვანა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაავრცელეს განცხადება, რომ მზად არიან ევროკავშირის ტერიტორიაზე ალექსეი ნავალნის მკურნალობა და უსაფრთხოება უზრუნველყონ.
შეგახსენებთ, გუშინ 20 აგვისტოს, დილით ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რომლითაც ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა ლაინერი ომსკში დაესვათ. ნავალნის თანმხლები პირი ამბობს, რომ მან გამგზავრების წინ მხოლოდ ჩაი დალია, ამიტომ ვარაუდობს, რომ რაღაც ნივთიერება სწორედ ჩაიში იყო გარეული.