არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ლ.შ.-სთან ერთად შიმშილობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა ა.ქ-მაც დაიწყო.
როგორც ადვოკატი ამბობს, სამივე არასრულწლოვანი ითხოვს, რომ გამოკითხონ სიცრუის დეტექტორზე. საგამოძიებო უწყება კი, დაკავებული არასრულწლოვნების ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს.
"მესამე არასრულწლოვანი შეუერთდა შიმშილობას როგორც მოგეხსენებათ, ეს არის - ა.ქ. ანალოგიურად, ეს ადამიანიც ითხოვს სიცრუის დეტექტორს, ანალოგიურად, არც ამ ადამიანს არ გააჩნია საშუალება კომუნიკაცია დაამყაროს ოჯახის წევრებთან თუნდაც სატელეფონო, აღარაფერს ვამბობ პაემნებზე და შეხვედრებზე. არ უნდა ექცეოდეს საგამოძიებო ორგანოები და მართლმსაჯულება არასრულწლოვნებს და მათ საუკეთესო ინტერესს ამ მიდგომით, რასაც ისინი ახლა აკეთებენ.
დღეს არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ განაცხადა, რომ როდესაც მან დაიწყო შიმშილი და გამოაცხადა შიმშილობა სასამართლოში, ეს იყო 2 დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი დასჯის მიზნით," - განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ნ.ხ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი ამბობს, რომ საკმაოდ ინტენსიურად ინიშნება სასამართლო სხდომები და ამით კომუნიკაცია ეზღუდებათ საკუთარ დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან.
"პირადად მე და ასევე, ჩემს კოლეგებს გვინდა პროცესის შემდგომ შევხვდეთ არასრულწლოვნებს, ჩამოვაყალიბოთ პოზიციები და გავიაროთ კიდევ ერთხელ საქმე, მაგრამ ამის საშუალება არ გვეძლევა. არის პროცესი 21-ში, 25-ში, 26-ში, მაგრამ საქმე გახლავთ შემდეგში- ყველა ადვოკატს, გარდა ამ პროცესისა, გვაქვს სხვა პროცესებიც, რომელზედაც უნდა მოვემზადოთ, შევიდეთ საპატიმრო ადგილებში და ასე შემდეგ, თუ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცემა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ეს დაფიქსირებულია, მოსამართლემ გულისყურით მოისმინა და განმარტა, რომ ინტენსიურად პროცესების ჩანიშვნა გამომდინარეობს მართლმსაჯულების არასრულწლოვანთა ინტერესიდან გამომდინარე," - განაცხადა დალი იმნაიშვილმა.
პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს და ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დახურული პროცესი სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. საუბარია ექვს პირზე, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდს განიხილავს.