29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ოპოზიციის ოპოზიციონერობა და ჩვენზე თავდასხმა, ენმ-ს არაფერს შემატებს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტ შეთანხმების დაარღვევას, ძალიან ცუდი იქნება მათთვის, რადგან ყველა ოპოზიციური პარტიის მიზანი უნდა იყოს ხელისუფლების დამარცხება.

აღნიშნული განცხადება ვაშაძემ "დღის კურიერში" გააკეთა.

"მე ვარ სიტყვის კაცი, ცხოვრებაში არც ერთი სიტყვა, არც ერთი შეთანხმება, არც ერთი სიტყვა არ გამიტეხია და ვაპირებ, რომ ყველა შეთანხმება რისი მონაწილეც ვარ, ბოლომდე შევასრულო. შეთანხმება არის და მას ჰყავს ბევრი მონაწილე, ყველამ ძალიან კარგად იცის რაზეც შევთანხმდით. თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს ამ შეთანხმების დარღვევას ძალიან ცუდი იქნება პირველ რიგში მათთვის. მე ვსვამ კითხვას - ამოცანა არის დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიის ჩამოშორება ხელისუფლებისგან თუ ოპოზიციის ოპოზიციონერობა. ყველა კარგად ჩამოყალიბდეს ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის ამოცანა არის შეიცვალოს ხელისუფლება. მე ერთობაში ვხედავ გამოსავალს, მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობას, რისი მომხრეც ვიყავი თავიდანვე და პროპორციულ ნაწილში კონკურენციას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში ჩადგომა არ იყო, როდესაც "ძალა ერთობაშიას" გუნდთან შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის იქნებოდა საბურთალოზე მაჟორიტარი კანდიდატი.

"არც ერთ სუბიექტს არ აქვს ვალდებულება რომ ყველა თავისი ნაბიჯი შეათანხმოს. თუ ვინმეს რამე პრობლემა ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, უნდა ეთქვათ იქვე. მე არ მსმენია არანაირი პრობლემა თაკო ჩარკვიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით, სანამ ვიყავით "ძალა ერთობაშიაში".

მარტივი კითხვა მინდა "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს დავუსვა, ხალხნო, მერამდენედ ხდება და ვის ინტერესში არის "ნაციონალური მოძრაობის" მარტო დატოვება ყოველგვარი კეთილისმოსურნე პარტნიორების გარეშე. მე მინდა ამ კითხვას ყველამ პასუხი გასცეს. სასარგებლო იდიოტის როლი ხომ არ უნდა შეასრულოს მუდმივად რაღაცა გარკვეულმა კატეგორია ადამიანებისა. ოპოზიციის ოპოზიციონერობა და ჩვენზე თავდასხმა მათ არაფერს არ მოუმატებს," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებულ დეკლარაციას აუცილებლად ხელს მოაწერს. ის ამბობს, რომ აღნიშული დოკუმენტის ერთ-ერთი ხელმომწერია.

დღის ამბები