29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
შესაძლოა გიორგი ვაშაძეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში კონურენტი დაუყენოს

შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის ოლქში კონკურენტი კანდიდატი დაუყენოს. მას შემდეგ, რაც ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციასთან შეუთანხმებლად დაიწყო მოქმედება, პარტიაში ფიქრობენ, რომ ის საერთო შეთანხმებას არღვევს.

სავარაუდოდ, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია უკვე ორშაბათს გახდება ცნობილი.

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს და პოლიტიკური ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრებოდა. შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატები განიხილეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ "ძალა ერთობაშიამ" საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანი ისე წარადგინა, რომ ოპოზიციას არ შეთანხმებია. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ  უსამართლოა, როდესაც "მცირე და დაბალი რეიტინგის პარტია 2 კანდიდატით არის წარმოდგენილი თბილისში და თავად უფრო მასშტაბური პარტია ამ ცვლილებების ფონზე კვლავ 2 კანდიდატით დარჩეს".

"სამწუხარო არის, რომ გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა დაარღვიეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთობა და თავად გამოვიდნენ ამ ერთობის დამრღვევებად, აბსოლუტურად არარელევანტური მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სავალდებულო დასახელება ყოფილიყო მისი სახით და შესაბამისი კვოტები, დაახლოებით 10 მანდატი მოითხოვა პარტიულ სიაში და ჩვენთვის ეს მიუღებელი იყო.

მთავარი არის, ახლა, ამ არჩევნების დროს ვკონცტენტრირდეთ ამომრჩევლის პრობლემებზე და არა თანამდებობებზე და განაწილებაზე. საბურთალოს ოლქში ქალბატონი თაკო ჩარკვიანის წარდგენა მოხდა ამ ჯგუფის მიერ ისე, რომ შეთანხმებული არ ყოფილა ეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და "ლეიბორისტული პარტიის“ ფორმატში არსებულ ოპოზიციურ გაერთიანებასთან. გაუმართლებლად მიგვაჩნია 2%-იანი პოლიტიკური ძალის მხრიდან 2 მაჟორიტარული კანდიდატის არსებობა თბილისში. ამიტომ ბევრი არგუმენტი არის ამ საკითხის ხელახლა წამოსაწევად," – აცხადებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

საკითხს ცოტა ხნის წინ თავად გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავს, რომ ის არასდროს არღვევს პირობებს და იგივეს მოლოდინი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდანაც.

"მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს ყველა შეთანხმებას და პირობას, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. იგივე მოლოდინი მაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მათ უნდა გადაწყვიტონ, იცავენ თუ არა შეთანხმებას. თუ ისინი დაარღვევენ ამ შეთანხმებას, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ თუ დამიყენებენ ისანში მაჟორიტარ კანდიდატს, მე დავამარცხებ მათ მიერ დაყენებულ კანდიდატს და შემდეგ დავამარცხებ აუცილებლად "ქართულ ოცნებას"," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები