29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია "თავისუფალ დემოკრატები " დატოვეს

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია "თავისუფალ დემოკრატები " დატოვეს. გადაწყვეტილების შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია. 

შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ პარტიის გამგეობაში 4 წევრიანი უმრავლესობა ჩამოყალიბდა და ეს ადამიანები 4 წლის განმავლობაში მონაწილეობას არ იღებდნენ პარტიის განვითარებაში. თუმცა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 4 წევრიანი უმრავლესობა სიის მეორე ნომრად 2016 წელს, ლაგოდეხში "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ვახტანგ მჭედლიძის დასახელებას ითხოვდა, რომელსაც შალვა შავგულიძის თქმით, პარტიის განვითარებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. 

კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც შალვა შავგულიძე საუბრობს, თავისუფალი დემოკრატების საგარეო მდივანს, დევი ტაბიძეს ეხება. შავგულიძე ამბობს, რომ დევი ტაბიძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარების წარდგენას ესწრებოდა, როგორც მხარდამჭერი. 

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია "თავისუფალი დემოკრატები". ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა. სრულად მოულოდნელად, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის ზემოხსენებულმა უმრავლესობამ, შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე. გამოჩნდა სხვა გარემოებებიც, რომელთაც გაზარდეს უნდობლობა აღნიშნულ პირთა მიმართ. მაგალითისთვის ვიტყვი მხოლოდ ერთს, ცოტა ხნის წინ, ქართული ოცნების მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმავდროულად, ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ექიმი დევი ტაბიძე.

არ ვარ დარწმუნებული, რომ თავისუფალი დემოკრატების პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის თაობაზე. იმავე პოზიციას იზიარებენ და პარტიის რიგებს ტოვებენ მისი ლიდერები ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

დღის ამბები