პროტესტის მე-12 დღეს ბელარუსში - ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ რომან გოლოვჩენკო დაინიშნა. ლუკაშენკოს მთავრობაში პოსტი შეინარჩუნა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმაც.
ლუკაშენკოს მოწინააღმდეგები კი დანებებას არ აპირებენ. მინსკში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საბჭოს პრეზიდიუმი აირჩიეს. ასევე, მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ საბჭოს წევრები ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.
საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს.