29 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ვასამბეკ ბოკოვი დაკავებიდან 2 დღის შემდეგ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავდა

ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც ხმაურიანი სპეცოპერაციით ივნისში დააკავეს, საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა და უკრაინაშივე დაბრუნებას გეგმავდა, - ამის შესახებ ის იმ წერილში საუბრობს, რომელიც "კურიერს" გამოუგზავნა. 

"კურიერმა" მოიპოვა ბილეთი, რომლითაც ვასამბეკ ბოკოვი საქართველოს დატოვებას შავი ზღვის გავლით აპირებდა. ის 14 ივნისს უკრაინაში გეგმავდა დაბრუნებას, თუმცა 2 დღით ადრე, თბილისში საკუთარი სახლიდან აიყვანეს.

უკრაინასთან ვასამბეკ ბოკოვის კავშირებზე ჯერ კიდევ მისი დაკავებისთანავე საუბრობდნენ, მათ შორის, უკრაინელი ჟურნალისტები ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში ამ თემაზე ვრცელი პრესკონფერენციაც ჩაატარეს და მომხდართან პოლიტიკური კავშირების შესახებ გაასაჯაროვეს ინფორმაცია.

მათ განაცხადეს, რომ საქმე ეხებოდა ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ რიტუალურ მკვლელობას, რომელიც, მათი ვარაუდით, პოლიტიკური აქცია იყო და საქართველოში დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად. მათი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა გაბუნიას საერთაშორისო პიარკამპანიის შეკვეთა ელისო კილაძისადმი. უკრაინელი ჟურნალისტები ამავე დროს, პარალელს ავლებდნენ სანაიას და ღონღაძის მკვლელობებთან.

ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს,  უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან თანამშრომლობასა და დაგეგმილი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში სდებდნენ ბრალს. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "კურიერმა“ ვასამბეკ ბეკოვის წერილი მიიღო, სადაც ის პირველად ჰყვება, რა მიზნით ჩამოვიდა უკრაინიდან საქართველოში.

ერთ წერილში დაწერილი ორი ვერსია: ბიზნესი და პანკისის დაპირისპირებული გვარების მორიგება.  რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, ბოკოვი წერილში ჟურნალისტის საქმესთან კავშირს უარყოფს. ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ უკრაინიდან ჩამოვიდა და უკრაინაშივე ბრუნდებოდა.

დღის ამბები