არაგვის ხიდთან ჩატარებული ექსპერიმენტის ორი განსხვავებული დასკვნა - რა შეიძლება დაენახა მოწმეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს. საგამოძიებო ექსპერიმენტი მედიის თანდასწრებით წუხელ მცხეთაში ორი ბრალდებული პირის ადვოკატებმა ჩაატარეს. ცალსახა დასკვნების ისევ ვერ კეთდება: ბრალდებულების დაცვის მხარე კვლავ ირწმუნება, რომ ბუნებრივი განათების პირობებში პიროვნების გარჩევა შეუძლებელი იყო, ხოლო მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოძიების ვერსიის სისწორეში დაარწმუნა.
ადვოკატების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი რამდენიმე ეპიზოდის იმიტირებას ისახავდა მიზნად, რითაც სრულად უნდა აღედგინათ მოვლენები "ტოიოტა ქამრის" მგზავრების ადგილზე მისვლიდან არაგვის ხიდის ქვეშ, გიორგი შაქარაშვილზე თავდასხმამდე. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ გამოძიების ვერსიის რეალურობა მათი ექსპერიმენტით არ დასტურდება.