სოფელ ყალაჯარალში სოციალურად დაუცველმა 82-მა ოჯახმა დახმარება მიიღო. საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში გაიცა.
ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი იმყოფებოდა. კამპანია მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
"გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენ 82 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავცემთ საკვები პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების კალათებს, რაც ვფიქრობთ გარკვეული დროით შეამსუბუქებს მათ მდგომარეობას. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებში კარდაკარ პრინციპით დარიგდა 600 000-ზე მეტი ბეჭდვითი საინფორმაციო მასალა," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.