გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 1-ლი მაისის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოქალაქეების მოგზაურობასა და ადამიანებს შორის კონტაქტების მომატებას უკავშირდება.
საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საფრთხის წინაშე დგას სამხრეთ კორეა, ამის შესახებ განცხადებას, ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ქვეყანაში ზედიზედ მეექვსე დღეა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს. მხოლოდ დღეს 297 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების 90 პროცენტი დედაქალაქ სეულში აღრიცხეს, რაც 25 მილიონიან ქალაქში ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს აჩენს.
48 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაში, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 1 350-ით გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნებს პანდემიის დასამარცხებლად გაერთიანებული ძალებით იმოქმედონ.