29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
როდესაც არასწორი ფაქტობრივი მონაცემებია რომელიღაც რეკომენდაციის საფუძველი, ეს ძალიან სამწუხაროა - NDI-ს რეკომენდაციებზე

მმართველი გუნდი ხაზს უსვამს, რომ ახლა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტით, გამჭვირვალედ, სამართლიანობის დაცვითა ჩატარდეს რათა არ გაჩნდეს შეკითხვები და სივრცე სპეკულაციებისთვის, რომელსაც ისინი, როგორც თავად ამბობენ, ოპოზიციისგან მუდმივად ისმენენ.

მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ ნებისმიერი პარტნიორი ორგანიზაციის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, თუმცა NDI-ს შემთხვევაში ხაზს უსვამენ, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ფაქტობრივ უზუსტობებს, კერძოდ კი მედიის ნაწილში.

NDI-ს რეკომენდაციაში საუბარია იმაზე, რომ მედიის საქმიანობაში არც ერთი ძალა არ უნდა ჩაერიოს და, მათ შორის, არ უნდა დანიშნოს სპეციალური მმართველები სხვადასხვა მედიასაშუალებაში.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ასეთი რამე კანონმდებლობითაც არ არის დაშვებული და ის, რომ ეს კვლევაში მოხვდა გარკვეულ პასუხისმგებლობას ანიჭებს იმ ადამიანებს, ვინც NDI-ს მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა.

"ყველანაირად შევეცდებით, მათ შორის რეკომენდაციების სწორად გაანალიზებით და გათვალისწინებითაც, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციების სივრცე, პრაქტიკულად, არ იყოს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ არასწორი ფაქტობრივი მონაცემებია რომელიღაც რეკომენდაციის საფუძველი, ეს ძალიან სამწუხაროა და ამისი წყარო კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ე.წ. ექსპერტები არიან ქართველები ასევე ძალიან სამწუხაროდ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია, წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად, 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. NDI ანგარიშში 30 რეკომენდაციასაც გასცემს.

დღის ამბები