29 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტი მეორე დღეა ვაკანტურია - დირექტორობის მსურველები უკვე არიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დირექტორის თანამდებობა მეორე დღეა  ვაკანტურია. მას შემდეგ, რაც გუშინ ვასილ მაღლაფერიძე მოულოდნელად გადადგა, თანამდებობის დაკავების მსურველები უკვე არიან - მათ შორის არაა გამორიცხული საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის ნინო ზაუტაშვილმა და ნათია კუპრაშვილმა იბრძოლონ.

ასევე, "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ბერძენიშვილია.

გეგმავს თუ არა გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას თინათინ ბერძენიშვილი, ის ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

რაც შეეხება სხვა სავარაუდო კანდიდატებს, ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა აცხადებენ, რომ დღეს არსებული სამეთვალყურეო საბჭოს პირობებში, შანსები მინიმალური აქვთ.

"შანსები არის ალბათ უკვე ერთი ადამიანისთვის, ეს შანსები წინასწარ განსაზღვრული იყო ვფიქრობ უკვე სამი წლის წინ, ჩემთვის ესეთი შთაბეჭდილება რჩება. აქტიურად ვიქნები ჩართული პროცესში დირექტორის შესარჩევი კონკურსის, დავაკვირდები მოვლენებს, თუ ჩავთვლი საჭიროდ, რომ საჭიროა ჩემი თავგანწირვა, მაგისთვის მზად ვარ, თუ არადა მე იქ ვარ, სადაც არჩევნები იქნება.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის თავდაპირველი და უმნიშვნელოვანესი დანიშნულება არის აბსოლუტურად სხვა რამ. მე ამას ახლა არ ვიტყვი, თუ მივიღებ მონაწილეობას კონკურსში, მაშინ ვიტყვი რას ვფიქრობ და როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი,“ - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

"რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” განვითარების დირექტორი, ნათია კუპრაშვილს იმედი არ აქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვასილ მაღლაფერიძისგან განსხვავებულად ხედავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას, აღნიშნულ პოზიციაზე მოხვდებიან.

"ვფიქრობ მონაწილეობას, შანსი არის მინიმალური, თუმცა ყოველთვის არსებობს რაღაც ტიპის შანსები, მაგრამ მაინც მგონია რომ აქ ვინმე პირი, რომელიც აქამდე არ იყო დაკავშირებული უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან, განსაკუთრებით ვასილ მაღლაფერიძის მმართველობის პერიოდში, ალბათ ვერ იქნება მხარდაჭერილი სამეურვეო საბჭოს მიერ, სადაც თავად ვასილ მაღლაფერიძის ერთი კლასელი, ერთი უახლოესი მეგობარი და ერთი ნათლულია."- განაცხადა კუპრეიშვილმა. 

 

 

დღის ამბები