29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს მე ვიყავი სამთავრობო კანდიდატი უშიშროება ჩემ წინააღმდეგ მუშაობდა - გედევან ფოფხაძე

პარტია ”ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი გედევან ფოფხაძე ოპოზიციის მიერ შემუშავებული ორი დეკლარაციაზე ხელის მოწერას არ აპირებს.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ არ მოაწერს ხელს იმ დოკუმენტზე, სადაც კონკრეტული პირების ხელმოწერა იქნება დაფიქსირებული. 

"ჩვენ ვაპირებთ ვიცხოვროთ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენ მოგვახვიოს თავზე თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი. მე მიმაჩნია, რომ ძალიან შორსაა იმ მორალური სტანდარტისგან, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს პოლიტიკაში ბევრი ის პოლიტიკოსი, ვინც არის იმ ოპოზიციაში, ვინც საერთო დოკუმენტებს ქმნის, მე პირდაპირ გეტყვით, რომ შალვა ნათელაშვილთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად არ ვაპირებ არანაირ დოკუმენტზე შეერთებას და მათთან რაიმე ფორმატში ყოფნას. მე არ მიმაჩნია ირაკლი ოქრუაშვილი იმ ღირებულებების ადამიანად, რომელთანაც რაიმე ფორმით შეიძლება ვიყო დაკავშირებული. მგონია, რომ სიმრავლე არ ნიშნავს ერთიანობას  და სიმრავლე არ არის ის ფასეულობა, რომლის გამოც მე ჩემი ღირებულებებსა და პრინციპებზე უნდა ვთქვა უარი,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე აქვე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც "ქართულ ოცნებაში" იყო. ის ამბობს, რომ 2014-ში და 2016 წელს, არჩევნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო კანდიდატს წარმოადგენდა, მის წინააღმდეგ უშიშროება მუშაობდა. 

"მიმაჩნია, რომ 2016 წელს არ იყო ესეთი უთანასწორო არჩევნები. მე ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, ბორჯომში თუ ვინმეს ექნებოდა რაიმე ხინჯი ამ არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, მე პირადად  მზად ვიყავი მათთან მესაუბრა.

ხარვეზები იყო, პირდაპირ გეტყვით, უშიშროება მუშაობდა ჩემს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი სამთავრობო კანდიდატი და ძალიან აქტიური იყო უშიშროება 2014-ში და 2016 წელს, თავისი კერძო ინტერესები ჰქონდა. მე ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდი, პოლიტსაბჭოს ფორმატშიც და საჯარო სივრცეშიც. იქ დათო ბერძენიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი იყვნენ, მათ შეუძლიათ დაადასტურონ ეს ყველაფერი, ერთი ოცნებაშია და მეორე ოპოზიციაში, ორივეს შეუძლია დაადასტუროს, რომ მე, არათუ არ დავიკავე ნეიტრალური პოზიცია, არამედ ძალიან აგრესიულ კონფლიქტში შევედი მაშინ უსაფრთხოების სამსახურთან და დავაფიქსირე ჩემი პოზიცია 2013 წელს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საუბარია ორ დოკუმენტზე, ერთის თანახმად პარტიებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ რომ არჩევნების შემდეგ, "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე უარს იტყვიან, ხოლო მეორე  გულისხმობს, რომ ოპოზიციური პარტიები დეკლარაციაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას იღებენ, არჩევნებზე დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი პარტიის ხმები, არამედ იმ პოლიტიკური ძალების ხმები, რომლებმაც დეკლარაციას ხელს მოაწერენ.

 

 

 

დღის ამბები