ბელარუსში საპროტესტო აქციები მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოპოზიცია ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობაში დაადანაშაულა, გარე ძალების მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის შესაჩერებლად ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით, ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო დანაყოფების მობილიზაცია მიმდინარეობს.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება სამართლიან არჩევნებს არ დანიშნავს.
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპულ საბჭოს მოუწოდა, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ცნოს. ვიდეომიმართვა მისი მეუღლის, სერგეი ტიხანოვსკის YouTube-გვერდზე გავრცელდა.
ბელარუსში მიმდინარე პროცესები განხილვის მთავარი თემა იქნება ევროსაბჭოს დღეს გასამართ სხდომაზე, რომელსაც საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი უხელმძღვანელებს, ევროსაბჭოს ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ბელარუს ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს თავისი ლიდერი.