29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეზობლებზე თვალთვალი ხორციელდება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებსა და მეზობლებზე თვალთვალი ხორციელდება. განცხადება ადვოკატმა რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც დღეს გენერალურ ინსპექციაში ჯუმბერ ბაჩალიშვილი და თეონა თამაზაშვილი იმყოფებოდა.

ძალოვან უწყებაში გამოკითხვის მთავარი თემა, სამართალდამცველი ლადო ბაჭულაშვილი იყო, რომელმაც მამის მტკიცებით, მისი შვილის ძებნის დროს დაურეკა და უთხრა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი შარში იყო.

"დაიკითხა ქალბატონი თეონა და ბატონი ჯუმბერი. ეს შეეხება ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც შეხვდნენ ლადოს, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეს. მათი მხრიდან ხდებოდა გარკვეული ზეწოლა, ვთხოვთ ჩვენ რეაგირება მოხდეს, დეტალურად იყოს გარკვეული რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი.

თამუნას პირადი კომპიუტერი ისე წაიღეს, რომ არ დალუქეს, იმ კომპიუტერიდან დაიკარგა და გაქრა მისი ფლეშკა," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები