29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
დიდუბის შემთხვევაში სიმბოლური არჩევნებია, საბჭოთა წარსულის აზროვნების მქონე ვოლსკი და თავისუფალი საქართველოს მომავალი ზურაბ ჯაფარიძე - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი მრავალფეროვნებაც იყო.

მისივე თქმით, რადგან საზოგადოების დაკვეთა პროპორციული არჩევნები და კოალიციური მთავრობაა, შეჯერებული კანდიდატები სწორედ ოპოზიციური სპექტრის მრავალფეროვნებას უნდა გამოხატავდნენ. 

"ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო, რომ ის კანდიდატები, რომლებზეც ჩვენ შევჯერდებით თბილისში, უნდა გამოხატავდნენ ოპოზიციის მრავალფეროვნებას. თუ გადახედავთ შეჯერებულ კანდიდატებს, რვავე კანდიდატს, ისინი ძლიერი კანდიდატები არიან. ამასთან, ჩვენ ხომ პროპორციული არჩევნებისკენ ვისწრაფოდით, საზოგადოების დაკვეთა იყო, ამიტომ იმ 30 ოლქიდან, იმ ნაწილში, სადაც შევთანხმდებით, არ შეიძლება 1, 2 ან 3 პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი, რადგან ბევრად უფრო ფართოა პოლიტიკური სპექტრი. ამიტომ, ამ კანდიდატების არჩევისას ესეც იყო კრიტერიუმი,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც შეთანხმებაში არ მიიღეს მონაწილეობა, შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, "ევროპული საქართველო" სრულად უჭერს მხარს ირაკლი ოქრუაშვილსაც, თუმცა, როგორც მანვე აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობისგან" ამ ოლქში კანდიდატის არ დაყენებაც მხარდაჭერის ტოლფასია. 

"რაც შეეხება იმას, რომ არიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ შეთანხმებაში, რა თქმა უნდა, ასეა. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა, მათი არჩევანის სრული პატივისცემით ვამბობ, ჩემი აზრით, ამ შეცდომას მათი მხრიდან ამომრჩევლები შეაფასებენ. რა თქმა უნდა, საბურთალოზე მეტი იქნება დაყოფა ამ ხმების, მაგრამ მგონია, რომ შეჯერებულ კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს ექნება მეტი უპირატესობა, ხოლო დიდუბის შემთხვევაში საერთოდ სიმბოლური არჩევნებია - საბჭოთა წარსულის აზროვნების მქონე, საბჭოთა ტირანიულ, საოკუპაციო რეჟიმთან ერთ სულ და ერთ ხორც მყოფი ფიგურა ბატონი ვოლსკი და მეორე მხარეს ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც იმ პოლიტიკოსების თაობას ეკუთვნის, რომელიც თავისუფალი საქართველოს მომავალია,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი დასრულებულია. დღეს დასახელდა ღიად დარჩენილ ორ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატები. საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იბრძოლებენ.

ასევე დღეს ოპოზიციის წევრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა ხმების დაცვას და ამისათვის თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

დღის ამბები