ერთი თვე კიდევ ერთი ახალგაზრდის გარდაცვალებიდან - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს გენერალურ პროკურორთან იმყოფებოდა. ირაკლი შოთაძე უკვე მესამედ ხვდება ოჯახს, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
შეხვედრას ბაჩალიაშვილების ადვოკატიც ესწრებოდა, რომელმაც დღეს საქმის მკვლელობის მუხლით გამოძიება მოითხოვა. მიხეილ რამიშვილი ნახირის გადაადგილების მიხედვით ირწმუნება, რომ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ მიიყვანეს. საქმის კვალიფიკაციის შეცვლის გარდა, ოჯახს სხვა მოთხოვნებიც აქვს, მათ შორის ერთი FBI-ს ეხება.
შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრის დასრულებისთანავე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი. პირველ რიგში ის, რომ დღეიდან თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო. სავარაუდოდ ხუთშაბათისთვის უნდა იყოს სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნა.
სწორედ ამ დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა დააყენეს მთავარ პროკურორთან. საუბარია საქმის გადაკვალიფიცირებაზე. ისინი ითხოვენ, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა მკვლელობის მუხლით.
როგორც ირკვევა, შეხვედრაზე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სამედიცინო ექსპერტიზა და სატელიტური სურათები, რომლებსაც გამოითხოვს გამოძიება დაადასტურებს და გაჩნდება კითხვის ნიშნები, იმყოფებოდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ადგილას, სადაც საბოლოოდ იპოვეს წინა დღეების განმავლობაშიც, ასევე თუ იქნება რაიმე მნიშვნელოვანი დეტალები საინტერესო გამოძიების კუთხით სამედიცინო ექსპერტიზაში, რამაც შესაძლოა გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანოს, არ არის გამორიცხული რომ კვალიფიკაცია შეიცვალოს.
"შემთხვევის ადგილზე, როდესაც ნახირი გადაადგილდებოდა ამან უკვე ძალიან დიდი ეჭვები დაბადა თვით მთავარ პროკურორთან და მის მოადგილეებში და მან შექმნა ასეთი პირობა, რომ სატელიტური სურათებიც გამოითხოვონ და დაადგინონ 18, 19, 20, 21, 22 ივლისს საერთოდ იყო თუ არა ავტომობილი ადგილზე.
მე კითხვა დავსვი, რამდენად სანდო იყო ის აზრი, რომ 5 დღე იქ იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა დეტალურად საუბარი, რომ ჩვენში არა თუ ეჭვს ბადებდა, არამედ დარწმუნებული ვიყავი, რომ 5 დღე ავტომობილი ვერ იქნებოდა. მათთვისაც ეს კითხვის ნიშანს და ეჭვს აჩენდა და პირდაპირ მოვითხოვე, რომ სურათები იყოს გამოთხოვილი საზღვარგარეთიდან და შესაბამისად, მათი მხრიდანაც თანხმობა არის, რომ აუცილებლად იქნება მოპოვებული და ეს ყველაფერი - მოპოვება და ყველანაირი ქმედებები დროში გაჭიანურებული არ იქნება.
ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ექსპერტიზებთან დაკავშირებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები რაც არის თვის ბოლოს იქნება უცხოელი სპეციალისტები მოწვეული საზღვარგარეთიდან, ძალიან კარგი სპეციალისტები, რომლებიც ერთდროულად გაეცნობიან ამ დასკვნებს და იქნებიან ჩართულები საქმეში.
ამავდროულად, იქნება კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც მე პირადად "ემპათიასთან" ერთად ვატარებ. ამაზეც არის უკვე გადაწყვეტილება მიღებული.
რაც შეეხება კომპიუტერს და მობილურს, ისევე იქნება იმ პერიოდში ყველაფერი გაკეთებული, რაც პირადად ჩვენი მოთხოვნა იყო.
საუბარი იყო კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ სატელიტური სურათებიც იმოქმედებს კვალიფიკაციაზე, იმოქმედებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაც.
შუალედური დასკვნა იქნება უახლოეს დღეებში. რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვის ბოლოს. ნდობა ყოველთვის იქნება მაშინ, როდესაც იქნება შედეგი," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.