29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვლის მშობლები გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ

თამარ ბაჩალიაშვლის მშობლები გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. ოჯახი ირაკლი შოთაძისგან პირადად მოისმენს, რამდენად შესაძლებელია გამოძიების პროცესში მუხლი გადაკვალიფიცირდეს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ გარდაცვლილის ოჯახს და მათ ადვოკატს გააცნობენ ექსპერტიზის დასკვნას. კონკრეტულად რომელ დოკუმენტს - ეს ჯერ უცნობია.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურაში შესვლის წინ მოკლე კომენტარი გააკეთა. თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან თითქმის 1 თვეა უკვე გასული და აქედან გამომდინარე, ოჯახი არ აპირებს, საუბარი მსუბუქი იყოს.

ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მათ სჯერათ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია და  საქმის გადაკვალიფიცირებას განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვენ. 

"ნახირი რომ გადადის, ეს ჩანაწერი არის 12, 13, 14 აგვისტოსი. ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რატომ და როგორ მოხდა, რომ 5 დღე იქ იდგა [მანქანა] და შესაბამისად, ნამდვილად ნახავდა ის მენახირე, როგორ მოხდა, რომ 22-ში ნახეს?!

ექსპერტიზის დასკვნები, შუალედური და საბოლოო დასკვნებიც იქნება მოთხოვილი და მიზეზი, თუ რატომ არ არის ამდენი ხანი ექსპერტიზის დასკვნა. მარტო ტოქსიკოლოგიურ დასკვნას მაქსიმუმ 10 დღე დასჭირდება და რა საჭირო არის 1 თვე, თითქმის, ტოქსიკოლოგიური დასკვნის ლოდინი?!" - აცხადებს ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

ამას გარდა, ოჯახი და ადვოკატი კვლავ ითხოვენ სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების დროულად გაცნობას. მათ ეჭვებს უჩენთ ის გარემოებაც, რომ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების კვლევა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ოჯახის ადვოკატი მთავარი პროკურორისგან მოითხოვენ, საქმის გამოძიების პროცესში უცხოელი სპეციალისტები, კერძოდ კი - FBI-ს წარმომადგენლები ჩაერთონ.

როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტი აწარმოებს, თუმცა ოჯახი და ადვოკატი მოითხოვენ, საქმის გამოძიება სრულად პროკურატურამ გადაიბაროს, რადგან გამოძიებას არ ენდობიან. მათი თქმით, ძირითად მიმართულებებში პროცესების გაჭიანურება მიანიშნებთ იმაზე, რომ გარკვეული მიზეზების გამო, საქმის გამოძიება განზრახ არ ხდება. ამ მიზეზებს ისინი კონკრეტულ მაღალჩინოსნებს უკავშირებენ.

კითხვაზე, თუ ვის მოიაზრებს კონკრეტულად და რა შეიძლება იყოს ამ განცხადებების უკან, მიხეილ რამიშვილი საუბრისგან თავს იკავებს. აგრეთვე, ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს ის ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე ისაუბრებს, რომელიც გენერალურ პროკურატურაში სწორედ ახლა უნდა დაიწყოს.

დღის ამბები