მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, მესტიის ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა და ბლოკპოსტების მოხსნა მოითხოვა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი საზაფხულო სამუშაოებს ვერ ასრულებენ, რაც მათი შემოსავლის წყაროა და ზამთრისთვის მარაგის შევსებასაც ვერ ახერხებენ. ამასთან, ადგილობრივები ითხოვდნენ, რომ ლენჯერიდან მესტიაში აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება შესაძლებელი გამხდარიყო.
მათ დღეს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი შეხვდა. ჟორჟოლიანი ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში გაუგებრობა იყო და ლენჯერის მოსახლეობისთვის საჭირო მედიკამენტების თუ პროდუქტების მიწოდება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
რაც შეეხება საზაფხულო სამუშაოებს, მისი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხზე მუშაობს და ადგილობრივები სათიბებზე გასვლასა თუ სხვა სამუშაოების შესრულებას სპეციალური რეგულაციებით შეძლებენ. თუ რა ფორმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. მესტია კორონავირუსის ეპიდემიის გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა.
აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. მესტიის მერმა მოქალაქის ტელეფონს, რომელიც პროცესს მობილურით იღებდა, ხელი ჰკრა. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა.