29 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
არანაირი სპეცრეისი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას მტკიცებით, რეისი, რომელიც თბილისიდან მინსკის მიმართულებით 16 აგვისტოს საღამოს შესრულდა, არა სპეცრეისი, არამედ ჩვეულებრივი, ჩარტერული რეისი იყო. 

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, სავარაუდოდ, კომერციული რეისები აღარ იყო და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო რეისისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოეყენებინათ. 

"ეს არანაირი სპეცრეისი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი, რომელიც ხორციელდება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების კუთხით. ანუ, ნებისმიერი ფრენა ხორციელდება ჩარტერული რეისით. თუმცა, მოვისმინეთ განცხადებები, რომ ეს არ იყო პირველი და მსგავსი რეისები ბევრჯერ განხორციელებულა, ამიტომ მცდელობა იმის, რომ არაფრისგან დახატონ რაღაც ბუნდოვანება და სხვებს მოახვიონ თავზე, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან არაფერი დამალული აქ არის და პირდაპირ განიმარტა, თუ რატომ დაიგეგმა ეს რეისი. 

სამთავრობო თვითმფრინავის დატვირთვა სწორედ ის არის, რომ როდესაც მთავრობას და ხელისუფლებას სჭირდება და არ არის საშუალება კომერციული რეისი დაინიშნოს, მაშინ იყენებენ ამ თვითმფრინავს. ამიტომ, გაუგებრობა რატომ უნდა იყოს, რომ ელჩმა გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი, რადგან გახდა საჭიროება, რომ ის ჩაფრენილიყო იმ ქვეყანაში, სადაც ის ასრულებს თავის მოვალეობას. მგონი, ამაზე კითხვის დასმა აბსოლუტურად უადგილოა და ის მცდელობა, რომ ამისგან შევქმნათ გარკვეული ბუნდოვანება და გაუგებრობა, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ფაქტი ერთია, ელჩი იმყოფებოდა საქართველოში, გაჩნდა საჭიროება ჩაფრენილიყო იქ, სადაც მისი სამუშაო ადგილია და ამისთვის საჭიროებიდან გამომდინარე, დაინიშნა ცალკე რეისი. თუ კითხვა არის, რომ რატომ სამთავრობო რეისი, ჩვენ საგარეოსგან მოვისმენთ კიდეც, ვიცით, რომ არ იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი რეისები, ჩარტერული კომერციული, ალბათ, ვერ ხერხდებოდა და შეიძლება ესეც იყო მიზეზი, რატომ დაგვიანდა ამდენი დღეებით.

მესმოდა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლებოდა ჩამოსულიყო. ეს როგორ შეიძლება დაიმალოს, ადრე თუ გვიან ძალიან კარგად გავიგებთ, რეალურად ვინმე ჩამოფრინდა თუ არ ჩამოფრინდა, ვინმე,"-განაცხადა კახა კუჭავამ. 

შეგახსენებთ, რომ რეისი თბილისი - მინსკი - თბილისი 16 აგვისტოს საღამოს შესრულდა.  თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მინსკში, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  უარყო.

ამის შემდეგ, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ბელარუსში საქართველოდან ქვეყნის ელჩი გაემგზავრა, იმის გამო, რომ რეგულარული რეისები არ სრულდება, მინსკში ჩარტერული რეისით გაფრინდა. ეს განმარტება არასაკმარისი აღმოჩნდა საზოგადოების ნაწილისთვის, მათ შორის რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ კიდევ ვინ იჯდა თვითმფრინავში, ასევე, ბელარუსისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, რატომ იმყოფებოდა ელჩი ვალერი კვარაცხელია საქართველოში.

დღის ამბები